საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, ალტერნატიული სასჯელის შეფარდება ორსული ქალებისთვის და 7 წლამდე ასაკის ბავშვთა დედებისთვისაც შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა.
"კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შევიდა. ცვლილებების თანახმად, პირის კვებას, რომელსაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრება, დამსაქმებელი უზრუნველყოფს. იგი მოიხსენიება არა როგორც მხარე, არამედ როგორც უშუალო დამსაქმებელი", - განაცხადა მან.
დეპუტატის თქმით, კანონპროექტში აღმოიფხვრა არასწორი მიდგომა ორსული ქალებისა და 7 წლამდე ბავშვების დედების მიმართ. მოსამართლეს შესაძლებლობა მიეცემა, აღნიშნულ პირებსაც აღმკვეთი ღონისძიების ალტერნატივად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდოს.
კანონპროექტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს. პარლამენტი მას 11 მარტს მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცებს.