საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთს ევროპული უსაფრთხოების შესახებ კონცეფციას უწუნებს. სააკაშვილის შეფასებით, ახალი კონცეფციით, მოსკოვს სურს ტერიტორიების გადანაწილება თავიდან მოახდინოს.
"მაშინ, როცა რუსეთი ვალდებულებებს და შეთანხმებებს თავად არ ასრულებს, უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე საუბარი ცინიზმია და მეტი არაფერი", - ასეთია აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პირველი პირის პოზიცია, რომელიც საზოგადოებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
შეგახსენებთ, რომ ევროპული უსაფრთხოების ახალი, მოსკოვისეული კონცეფცია, რომლის მომზადებაშიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პირადად მონაწილეობდა, უკვე გამოქვეყნდა. რუსეთმა ის განსახილველად უკვე წარადგინა ეუთოს მინისტერიალზე, რომელიც 1-2 დეკემბერს ათენში გაიმართა.