ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებული ინციდენტების საკითხი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დღეს უცხოელ ელჩებთან განიხილა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან საუბარი ადამიანის უფლებების მონიტორინგის საკითხსაც შეეხო.
"ჩვენთვის სულერთი არ არის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არა მხოლოდ ქართველების, არამედ აფხაზებისა და ოსების უფლებებიც ირღვევა. ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ მექანიზმებზე, თუ როგორ შეიძლება ევროსაბჭოს დამკვირვებლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად იმოღვაწეონ და მიეცეთ საშუალება დარღვევებს პირადად დააკვირდნენ", - განაცხადა იაკობაშვილმა.
რაც შეეხება ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს, იაკობაშვილის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ელჩებთან მხოლოდ ზოგადი საუბარი გაიმართა.
"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ძალისხმევა ამ ბავშვების გასათვისუფლებლად. ბატონი ჰამერბერგი იმყოფება ცხინვალში, ამიტომ ჯობს შედეგებს დაველოდოთ და კომენტარები წინასწარ არ გავაკეთოთ", - განმარტა იაკობაშვილმა, თუმცა აქვე იმედი გამოთქვა, რომ "ყველაფერი კარგად დასრულდება".
თემურ იაკობაშვილი საქართველოში აკრედიტებული 4 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნულ საკითხებზე ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ჟან-ლუი ლორანსა და ბორის ვოდსთანაც ისაუბრა.