ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეს არის საკითხი, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება და მოვითხოვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას", - განუცხადა რასმუსენმა ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მასზე პასუხისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა სადაო საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.
გარდა ამისა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
"ეს ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები აუცილებლად გახდებიან, თუმცა ამისთვის მათ აუცილებელი პირობები უნდა შეასრულონ", - განმარტა რასმუსენმა.
ხვალ, ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც ორგანიზაციის წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხიც იქნება.