"სააკაშვილი ბათუმში წმინდა ილია მართლის ძეგლის დემონტაჟს და მის ადგილას შადრევნის აშენებას აპირებს", - ამის შესახებ დღეს პაატა ჯიბლაძემ, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით ბათუმის ცენტრში მდებარე ილია მართლის ძეგლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია. იქვე ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით აღმაშენებლის ძეგლის დიღომში გადატანაც გაიხსენა და ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დაუკავშირა.
"სააკაშვილს, რომ წმინდა ილია მართალი და დავით აღმაშენებელი არაფრად არ მიაჩნია, ძალიან კარგად ჩანს მის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან - ამ ორი უდიდესი ქართველის ძეგლი დემონტირებული იქნა თავისი ადგილებიდან. დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრიდან დიღომში, ხოლო ბათუმის ცენტრიში მდებარე ილია ჭავჭავაძის სკულპტურა აიღეს და მის ადგილას სააკაშვილი, მისთვის ასე საყვარელ შადრევნის აშენებას აპირებს. ჩვენი ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე ასევე იგეგმება სასტუმროს მშენებლობაც", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
ლეიბორისტული პარტია, ილია ჭავჭავაძის ძეგლის დემონტაჟს სააკაშვილის მხრიდან, ილიას მიერ დატოვებულ მცნებებზე უარის თქმად აღიქვავს, რაც ჯიბლაძის განცხადებიდან ჩანს.
"სააკაშვილისთვის მიუღებელია ილია ჭავჭავაძის უმთავრესი მცნება - ენა, მამული სარწმუნოება. ვინაიდან მამული მან თითქმის წაგვართვა, დაკარგა რა საქართველოს ძირძველი ტერიტორიები. ქართული ენა არის მეორე პლანზე გადაწეული ვინაიდან დღეს ინგლისურია პრიორიტეტი, ხოლო რაც შეეხება სარწმუნოებას მოგეხსენებათ როგორი შეტევები ხორციელდება ამ ხელისუფლების მხრიდან ქართულ ეკლესიაზე." - აღნიშნა ჯიბლაძემ
კითხვაზე თუ რა მიზეზით ხდება ილია ჭავჭავაძის ძეგლის დემონტაჟი, ჯიბლაძე პასუხობს, რომ ამის ოფიციალური ვერსია მან ბათუმის გამგეობაში მოისმინა
"ბათუმის გამგეობაში ამბობენ, რომ ძეგლი ამ ადგილზე კარგად არ იკითხებაო, რაც თავისთავად აბსურდია, რადგან ეს ძეგლი წლებია იქ დგას და არავის ამის პრეტენზია არ გამოუთქვამს, მეტიც ბათუმის მოსახლეობამ შეაგროვა 6 ათასი ხელმოწერა, მოთხოვნით - არ მომხდარიყო ძეგლის დემონტაჟი, თუმცა დღევანდელი ხელისუფლება ხალხის აზრს არას დაგიდევთ," - განაცხადა ჯიბლაძემ.