სოხუმთან ახლოს, ახალ ათონში, რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სამხედრო ქალაქი გაიხსნა. რუსეთის საოკუპაციო ჯარის აღნიშნული ობიექტი მესამეა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
"ავტონომიური სასაზღვრო კომპლექსი სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი. აგებულია თანამედროვე საცხოვრებელი სახლი, სადაც შექმნილია ყველა პირობა რუს მესაზღვრეთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. კომპლექსში შედის დასასვენებელი ოთახები, სპორტული და სათამაშო მოედნები", - იუწყება აფხაზური მხარე.
რუსული სამხედრო ქალაქის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში. აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ მაიორი იური ზვირიკი და სხვა პირები.
იური ზვირიკმა სამხედრო ქალაქის გახსნაზე აღნიშნულ მოვლენას რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" აფხაზეთში მორიგი გამარჯვება უწოდა.
"ეს მაჩვენებელია ორ ქვეყანას შორის რუსეთსა და აფხაზეთს შორის ძმური კავშირების გამყარებისა. რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ ადასტურებს აფხაზეთის საზღვრების დაცვასა და მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - განაცხადა ზვირიკმა.
გახსნის ცერემონიალზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აფხაზეთში რუსეთის სამხედრო მორიგი ქალაქის გახსნას რუსულ აფხაზური შეთანხმებების რეალური ხორცშესხმა უწოდა.
"აფხაზეთი იყო და არის რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორი ყველა საქმეში. მადლობელი ვართ ამ უდიდესი ქვეყნის იმისათვის, რაც მან ჩვენი უსაფრთხოებისთვის გააკეთა", - განაცხადა ბაღაფშმა.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო ქალაქი 0.9 ჰექტარზეა აშენებული. საცხოვრებელი კორპუსი 25 ბინიანია. მასში 3- და 2-ოთახიანი ბინებია. ქალაქი მთლიანად ავტონომიურია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 9 დეკემბერს გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გაიხსნა. მეორე სამხედრო ქალაქი 2011 წლის 21 თებერვალს ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში დაარსდა. სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ 17 ასეთი ქალაქის აგებას გეგმავს.