"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა ხელისუფლებას ვეტერანთა პრობლემების მოგვარებას ეტაპობრივად სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგს ვეტერანებიც ესწრებოდნენ.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივა სწორედ მათთან შეთანხმებით შემუშავდა.
"ჩვენი და ვეტერანტა ერთობლივი საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც 10 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩატარდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა წარმომადგენლობის შემადგნელობლით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ფინანსური გათვლები, რომელთა ბიუჯეტში გათავლისწინების შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები ყველა ძალოვანი სტრუქტურის პენსიონერი და შეიარაღებული ძალების ვეტერანი მიიღებს ღირსეულ პენსიას ნამსახურები წლებისა და დამსახურების მიხედვით", - აცხადებს ახვლედიანი და აღნიშნავს, რომ იმის გამო ეს ვალდებულება მთავრობას მძიმე ტვირთად რომ არ დააწევეს არსებული კრიზისის გათვალისწინებით მთავრობას სთავაზობენ პრობლემის ეტაპობრივად დარეგულირებას.
მისი თქმით, პირველი ეტაპისთვის 20 ათასი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი ღირსეული პენსიის მიცემა და ამისთვის 36 მილიონი იქნება საკმარისი.
ახვლედიანის განმარტებით, პირველი ეტაპის ვეტერანები გამოიკვეთა ყველაზე დამსახურებული ადამიანების კატეგორია და ესენი არიან ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ის ადამიანები, "რომლებმაც თავიანთ ზურგზე გადაიტანეს ომი, არიან ნაბრძოლები და სიამაყით ატარებენ ომის ვეტერანის წოდებას".
ახვლედიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთავაზება ხელისუფლებამ ბიუჯეტის დამტკიცებამდე უნდა გაითვალისწინოს.
"2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე რამდენიმე დღეს რჩება და თუკი ხელისუფლებას სურს ბიუჯეტი მეტნაკლებად მაინც იყოს სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული უნდა გაითვალისწინოს ჩვენი საზოგადეობის ყველაზე დამსახურებული ადამიანების უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და დაიწყოს მათი პრობლემების ეტაპობრივად მოგვარება", - აცხადებს ახვლედიანი.