ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ათენში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსა და სუამ-ვიშეგრადის ჯგუფის სხდომები გაიმართა. სხდომებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავმჯდომარეობდა.
სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა სუამ-ის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრის დროს მინისტრებმა ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხები, პოლიტიკური თანამშრომლობის ასპექტები, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის დღის წესრიგის 14-ე პუნქტის - "სუამ-ის სივრცეში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე" - ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, დარგობრივი თანამშრომლობის განვითარება, პარტნიორ-ქვეყნებთან ურთიერთობები, ასევე სუამ-ში მომავალი თავმჯდომარეობისა და სხვა ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შემაჯამებელ ოქმს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
იმავე დღეს გაიმართა სუამ-ვიშეგრადის ჯგუფის პირველი შეხვედრა, რითაც საფუძველი ჩაეყარა ორ ორგანიზაციას შორის მომავალ თანამშრომლობას. ვიშეგრადის ჯგუფს წარმოადგენდა უნგრეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სუამ-ის ქვეყნების სახელით მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარეს სუამ-ის ქვეყნებისთვის ვიშეგრადის თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ინიცირებული სემინარების კურსის ორგანიზების გამო. მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც. სხდომის დასასრულს მიღებულ იქნა შემაჯამებელი კომუნიკე.