ილორის წმინდა გიორგის ტაძრის პრობლემა გამოგონილია - განაცხადა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ და დასძინა, რომ საქართველოს ილორის წმინდა გიორგის საკითხის დაყენების უფლება მოლაპარაკებებზე საერთოდ არ აქვს.
"პირველ ყოვლისა - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მექანიზმი აფხაზეთის საზღვრისპირა რაიონს ეხება. ილორის ტაძარი კი აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონშია - ანუ საზღვრისპირა ზონაში არ არის. მეორე - არის ის, რომ ქართველებმა ხმაური იმიტომ ატეხეს, რომ მათ ჟენევაში განსახილველი რეალური საკითხი არ აქვთ და ამიტომაც ილორის ტაძრის ამბავი თითიდან გამოწოვეს", _ განაცხადა ჩირიკბამ აფხაზური ტელევიზიის ეთერში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ილორის წმინდა გიორგის ტაძარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა, ასევე საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა მოინახულეს.
"მათ კი ვისაც ილორის ტაძართან დაკავშირებული სიტუაცია აღელვებს, ჩირიკმას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ფოტოსურათები მიაქვს რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
"ყველას ვაჩვენებთ, რომ არავითარი ბარბაროსული რესტავრაცია ილორის ტაძარში არ ჩატარებულია, პირიქით, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ტაძარი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამის შემდეგ კი ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხურება. არავის წინაშე თავის გამართლებას არ ვაპირებთ, ვინაიდან ილორის ტაძრის კედლის შეფერილობა რეგიონში მშვიდობას არ ემუქრება. ეს აფხაზეთის საქმეა - შეღებავს თუ არ შეღებავს თავის ტაძრებს", _ აცხადებს ჩირიკბა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 4 მარტს გაიმართება.