ოსი სეპარატისტები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე საქართველოსთვის იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხს მთელი სიმწვავით დააყენებენ. ეს განცხადება მოლაპარაკებებზე სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა გააკეთა.
"დისკუსიების მიმდინარეობის 2,5 წლის შემდეგად არავითარი წინ წაწევა ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმების საკითხში არ გვაქვს", _ აცხადებს ჩოჩიევი და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდზე ოს სეპარატისტთა დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების პოზიციის სისუსტეზე აპირებს საუბარს - "ისინი კმაყოფილნი არიან ისეთი სხვა და სხვა სახის "წარმატებებით" რომლებსაც სამხრეთ ოსეთისათვის არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს", _ აცხადებს ჩოჩიევი.
"ვაპირებთ მკაცრი პოზიცია დავიკავოთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ახლახანს გაკეთებული განცხადებების გამო, რომელთა შედეგადაც ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ იგი მომავალში არ აპირებს უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, ხოლო საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები კი ამაზე თვალის დახუჭვას აგრძელებენ", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკეთა მორიგ რაუნდზე სეპარატისტთა დელეგაცია დევნილების საკითხზეც აპირებს ყურადღების გამახვილებას.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 4 მარტს გაიმართება.