სეპარატისტული აფხაზეთში 21 თებერვალს დაწყებული მოსახლეობის აღწერა დღეს სრულდება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, საქართველოსთან მოსაზღვრე გალის რაიონში უკვე აღწერილია მოსახლეობის 90 % ზე მეტი.
მათივე ინფორმაციით, სულ გალის რაიონში 73 დამთვლელი უბანია გახსნილი და ყველა მათგანზე გადათვლა დასასრულს უახლოვდება.
აფხაზეთში მიმდინარე მოსახლეობის აღწერის პროცესს რუსეთის სტატისტიკის სამინისტროს წარმომადგენლები აკვირდებიან. ისინი აფხაზეთის ფაქტობრივად ყველა რაიონში იმყოფებოდნენ და მოსახლეობის აღწერის პროცესს პირადად აკვირდებოდნენ.
აფხაზეთის ე.წ. სტატისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელის ზოია ავიძბას ინფორმაციით, რაიმე სახის წინააღმდეგობასა და პრობლემას მოსახლეობის აღწერის დროს ადგილი არ ჰქონია და მუშაობაც დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა.
სულ სეპარატისტული აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე შექმნილი იყო 680 დამთვლელი და 152 საინსტრუქციო უბანი. მუშაობდა 35 დამთვლელი განყოფილება და 40 სტაციონალური გადამწერი უბანი.
აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ჩატარებული აღწერის შედეგები გაეროში გადაიგზავნება.