ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის, რა აღარ იკადრეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, მაგრამ შეძლეს ის, რომ, მაქსიმუმ, 7 000 ადამიანი იყო გამოსული, ვერ შეავსეს თავისუფლების მოედანი და ზუსტად ნახევარ საათში დაიშალა აქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ეს არის რეალობა, ეს არის ვითომ ხალხის მდინარეები, რომელიც სინამდვილეში მართლა იმ რაოდენობა ადამიანებზე დადის, რაც ჩვენ აქამდეც გვინახავს, მაგალითად, 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობაზეც დაახლოებით ამ რაოდენობის ადამიანი იყო. საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის. აგენტურის დღე დასრულდა საქართველოში, მათი დრო აღარ არის. ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათ არანაირი ემპათია არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა იკადრონ, როგორც არ უნდა შეეცადონ საზოგადოების აღელვებას, საქართველომ ძალიან კარგად იცის, ვისთან აქვთ საქმე. ეს არის ტიპური აგენტურა, უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები საქართველოში, რომელთაც ნამდვილად არა აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური გააკეთონ. აქციაზე დაერივნენ ერთმანეთს, ვერ გაიყვეს მიკროფონები, ერთმანეთს წაუყენეს ბრალდებები, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, რაც ასე დამახასიათებელია უსამშობლო ე.წ. პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომელთათვისაც საკუთარ ქვეყანას და სამშობლოს არანაირი ფასი არ გააჩნიათ. ორთოდოქს „ნაცებს“ ახლადგამომცხვარმა „ნაცებმა“ არ მისცეს მიკროფონთან მისვლის უფლება, სინამდვილეში საზოგადოებამ მაინც კარგად იცის, რომ ერთი მთლიანობაა. ახლა ხვდებიან, რომ სააკაშვილის ბანერი და მისი ფიგურა თითქოს მათთვის კონტრპროდუქტიულია. ეს არის უნდობლობა, რაც მათმა ანტიქართულმა და ანტისაზოგადოებრივმა ქცევამ გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მუდმივმა მცდელობამ, საზოგადოება ტყუილში ამყოფონ. ეს არის ის სიმართლე, რაც მათ უნდა გაიგონ, გაიაზრონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.