რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, 28 ნოემბრის 17:00 საათიდან 29 ნოემბრის 07:00 საათამდე 542 უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე.
მისი მტკიცებით, დრონების უმეტესობა მოსკოვთან მიახლოებამდე გაანეიტრალეს, ხოლო 105 უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, უშუალოდ რუსეთის დედაქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.
ასევე, სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის განცხადებით, ღამით რეგიონში 20-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მისი თქმით, თავდასხმის სამიზნე რეგიონის სამრეწველო საწარმოები იყო. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტები აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ და რა სახის დაზიანება მიიღეს მათ.
ფედორიშჩევის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
უკრაინული მონიტორინგის არხების ინფორმაციით, თავდასხმის ერთ-ერთი შესაძლო სამიზნე შესაძლოა ქალაქ ტოლიატში მდებარე ქიმიური საწარმო „ტოლიატიკაუჩუკი“ ყოფილიყო.
ტოლიატის მერმა, ილია სუხიხმა დაადასტურა, რომ ქალაქი დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა. მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის ადგილებში საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მერს შესაძლო დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
უკრაინელმა სამხედროებმა „ტოლიატიკაუჩუკზე“ თავდასხმის შესახებ ოქტომბერშიც განაცხადეს. მათი ინფორმაციით, მაშინ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
კიევის განცხადებით, ქარხანა სინთეზურ კაუჩუკსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს, რომელიც, მათ შორის, მყარი სარაკეტო საწვავის წარმოებაში გამოიყენება.