უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში სამხედრო მოქმედებები ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე შეაჩეროს და საკითხების დიპლომატიური გზით მოგვარებაზე გადავიდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ Al Jazeera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯისთვის - შევჩერდეთ იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით. ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზის გასწვრივ. არის თუ არა ეს კომპრომისი? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისია.
გვესმის, რომ მას [პუტინს] ჩვენი მიწის დატოვება არ სურს. სწორედ ამიტომ ვამბობთ: კარგი, შევჩერდეთ ამ ეტაპზე და გადავიდეთ დიპლომატიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვლავ აქვს საკმარისი გავლენა იმისთვის, რომ ომის დასრულების გზას მიაგნოს.