ის ფაქტი, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჟენევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის მეტყველებს იმაზე, რომ არის რაღაც საერთო ინტერესი. მიიჩნევს გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი. ეს განცხადება ბოდენმა "ეხო კავკაზთან" საუბარში გააკეთა.
"მიმაჩნია, რომ თავად ის ფაქტი, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჟენევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის მეტყველებს იმაზე, რომ არის რაღაც საერთო ინტერესი. შესაძლოა სუსტი, მაგრამ მაინც რაღაც საერთო ინტერესი.", _ აცხადებს ბოდენი და დასძენს, რომ მისი აზრი პირდაპირი დიალოგის დაწყება საქართველოსა და რუსეთს შორის აუცილებელია.
"ჟენევაში რა თქმა უნდა მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხედან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართველებსა და რუსებს შორის პარალელურად რაღაც დიალოგი უნდა იყოს და ძალიან დასანანია, რომ ასეთი რამ არ არის დღემდე. მიმაჩნია, რომ უკვე დროა რაღაც კონტაქტი დაიწყოს, სრულიად არაფორმალურად. იმიტომ, რომ ისინი მეზობლები არიან და მიმაჩნია, რომ პირდაპირი ურთიერთობების გარეშე მეზობლებს ცხოვრება გაუჭირდებათ. ვიმეორებ, მიმაჩნია, რომ პირველი ნაბიჯი არაფორმალური უნდა იყოს", _ აცხადებს ბოდენი და იმედს იტოვებს, რომ ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები გარკვეულ შედეგებამდე მივა და ისე როგორც ადრე "კონფლიქტების გაყინვებით" არ დასრულდება.
"ჩვენ გვქონდა 2008 წლის აგვისტოს ომი და ახლა უკვე თავიდან იწყება მოლაპარაკებები და ლაპარაკი. რა თქმა უნდა იყო სერიოზული შესვენება და მე მხოლოდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს კვლავ არ დამთავრდება იმით, რომ ისინი კვლავ გაყინავენ კონფლიქტებს. მათ ისინი უნდა გადაჭრან. ჩვენ უკვე დღეს გვაქვს მაგალითი, რომ კონფლიქტების გაყინვა არ შეიძლება", _ აცხადებს დიტერ ბოდენი.