უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რუსეთის აგრესიით გამოწვეული საფრთხეების შესაკავებლად და ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად მთავარი პრიორიტეტები განსაზღვრა.
ამის შესახებ სიბიჰამ ისაუბრა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მე-13 შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „რა იქნება ლიბერალური მსოფლიო წესრიგის შემდეგ?“ . ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობას, რათა ქვეყანამ ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა შეძლოს.
„ორ წელზე ნაკლებ დროში ფრაზიდან - „კარტები არ გაქვთ“, გადავედით ფრაზამდე - „თქვენი კარტებით ნუ ითამაშებთ“, ეს მიღწევაა“,- განაცხადა სიბიჰამ.
მისი თქმით, უკრაინის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება რჩება. კერძოდ, ქვეყანას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჩამჭრელი რაკეტები და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის განკუთვნილი შეიარაღება. მინისტრის განცხადებით, ამ თვითმფრინავებმა რუსეთის რეაქტიული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანობა დაამტკიცეს.
სიბიჰამ ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის სტაბილურად უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დახმარების ახალი პაკეტების მოზიდვა და თავდაცვის საჭიროებებისთვის დაფინანსების დეფიციტის შევსება.
მინისტრის განცხადებით, უკრაინა ამ მიზნების მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს.