აფხაზეთი - ახალი მონოეთნიკური ზონაა, რომელიც სომხებმა შექმნეს. საუბარი მიდის არა მხოლოდ აფხაზეთზე, არამედ სამხრეთ კავკასიაზე. სამხრეთ კავკასიის დიდი ნაწილი მონოეთნიკურ ტერიტორიებად იყოფა. ამას კი სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. ეს განცხადება საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ნამიკ ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, სომხეთი, ჯავახეთი, მთიანი ყარაბაღი და მისი კუთვნილი შვიდი რაიონი - მონოეთნიკური ზონებია: "ამ ზონებში არავინ არ ცხოვრობს გარდა სომხებისა. აფხაზეთის 65 % მონოეთნიკური ზონაა. დღეისათვის აჭარაში ხდება ქობულეთის, ბათუმისა და სხვა რაიონის არმენიზება. ამ ადგილებში ფუძნდებიან სომხები. ეს დიდი საფრთხეა. მხედველობაში თუ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ 2009-2010 წწ ასობით აჭარული ოჯახი, როგორც მიგრანტები აჭარიდან საქართველოს სხვა რეგიონებში გადაასახლეს, ადვილი წარმოსადგენია, თუ საით მიჰყავთ საქართველო ამ პროცესებს.
სომხეთისათვის შავი ზღვისკენ გზის გახსნა "ზღვიდან-ზღვამდე დიდი არმენიის" იდეის განხორციელებას ნიშნავს. ეს გზა "ველიკი არმენიის" შექმნის მაუწყებელია", _ აცხადებს ნამიკ ალიევი და აღნიშნავს, რომ მას კარგად ესმის, რომ როდესაც რომელიმე სახელმწიფოს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ამ სახელმწიფოს სურს დაამყაროს მეზობლური ურთიერთობები, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო და სხვა სახელმწიფოებრივი და ასე მიაღწიოს ზღვაზე გასასვლელს.
"თუმცა სომხურ ვარიანტში - ეს არანორმალური გზაა - ეს ტერიტორიული პრეტენზიებია, ეს არის სწრაფვა გადაასახლოს თავისი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე და შექმნას მონოეთნიკური ზონა", _ აცხადებს ელჩი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველივე ამას სომხეთი სხვა ერების შევიწროების ხარჯზე აკეთებს.
"ეს ნიშნავს, ამ ტერიტორიების ხელში ჩაგდებას როგორც სამხედრო, ისე მიგრაციული გზით. ეს სომხური პოლიტიკაა. როგორც აზერბაიჯანელები ისე ქართველები უნდა გაერთიანდნენ და წინ უნდა აღუდგნენ ამ პოლიტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. აზერბაიჯანელებმა და ქართველებმა ღიად უნდა უთხრან სომხეთს რომ აქ "ველიკი არმენიის" შექმნისათვის ადგილი არ არის. თუკი ჩვენ მოვახერხებთ და ამას ერთად ვიტყვით რაღაც გამოვა, თუ არა და არც არაფერი არ გამოგვივა", _ აცხადებს ელჩი.