კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, შეერთებულ შტატებს რუსეთთან არსებული "გადატვირთვის" რეჟიმის პირობებში საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა არ უნდა.
"იმიტომ კი არა, რომ იარაღის მიყიდვით საქართველოს ხელისუფლებას თავში აუვარდება და იმ წუთში ომს გამოუცხადებს თავის აჯანყებულ რეგიონებს (მით უმეტეს, რომ საქართველო ითხოვს მხოლოდ თავდაცვით - ანტისაჰაერო და ანტისატანკო იარაღს), საქმე იმაშია, რომ შეერთებულ შტატებს არ უნდა გადატვირთვის რეჟიმის მდგომარეობაში, რუსეთს დამატებითი სალაპარკო შეუქმნას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" არეშიძემ.
მისივე შეფასებით, აშშ ძალიან დელიკატურად იქცევა ამ საკითხში.
"ამერიკის შერთებული შტატების ადმინისტრაციის ვარაუდით, რუსეთმა არ უნდა დააპიროს საქართველოს წინააღმდეგ აგრესია უახლოს მომავალში. აქედან გამომდინარე, აშშ მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება ნაადრევია", - დასძინა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პროგრესის ცენტრის ექსპერტები აშშ-ს მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვის იდეას იწუნებენ. როგორც ისინი საკუთარი ავტორობით მომზადებულ ანგარიშში აცხადებენ, აშშ-ს მიერ შეიარაღების მიყიდვა ცუდი იდეაა, არა მარტო იმიტომ, რომ ის საქართველოს შეტევისკენ წააქეზებს, არამედ იმიტომაც, რომ ის "ბერლინის კედლის" მენტალიტეტს განამტკიცებს, რაც ნიშნავს ისეთ პოლიტიკას, როცა ჯიუტად არ ცვალი პოზიცია და უარს ამბობ თანამშრომლობაზე. ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება და მხარდაჭერა მხოლოდ გაართულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პროცესს.
"აშშ-ს მთავარი მიზანი კი უნდა იყოს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ხოლო ამ მიზნების მისთვის შეიარაღების მიყიდვა საუკეთესო შემთხვევაში ირელევანტური და შექმნილ ვითარებაში მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იქნებოდა. შეიარაღების მიყიდვა შექმნიდა შთაბეჭდილებას, რომ შეერთებული შტატები ემხრობა ერთ მხარეს და ეწინააღმდეგება ყველა აქტორის მორიგებას. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი გამოიწვევდა კონფლიქტის ზონის შემდგომ მილიტარიზაციას, რაც, როგორც ცნობილია, მადესტაბილიზებელი ფაქტორია. არსებობს რუსეთის ქცევის გამოსწორების სხვა გზები, კერძოდ კი, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება და შესაბამისი სტიმულების შექმნა, რასაც ნეგატიური გავლენა არ ექნებოდა კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესზე", - ნათქვამია "საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში აშშ-ს როლის" შესახებ ანგარიში, რომელიც ამერიკის კონგრესის ცენტრის ექსპერტებმა გასულ კვირას გამოაქვეყნეს.