ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძეს მისი წარსულის გამო აკრიტიკებენ. კრიტიკული განცხადებები უმრავლესობის ლიდერების მხრიდან დღეს სესიაზე რამდენჯერმე გაკეთდა.
თარგამაძემ ხელისუფლება და სასამართლო გააკრიტიკა 23 ნოემბერს 3 ოპოზიციონერი ახალგაზრდის დაკავების გამო. ამის საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდრემა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან სუბიექტური განცხადებები კეთდება და შეფასებებს აკეთებენ იმის მიხედვით, კონკრეტულ მომენტში რა პოზიციაზეც დგანან.
"არ შეიძლება, 8 წელიწადს ერთ-ერთ ფეოდალს შიდა პატიმრობაში ჰყოლოდა ადამიანი, ამ ფაქტზე არ გააკეთო განცხადება და მკაცრად გამოეხმაურო 500-ლარიან ჯარიმას და ისეთი განცხადებები გააკეთო, რომელიც სასამართლოს პრესტიჟს ზიანს აყენებს", - განაცხადა მელიქიშვილმა.
იმავე შინაარსის განცხადებები თარგამაძის მისამართით მოგვიანებითაც გაკეთდა, როდესაც ქრისტიან-დემოკრატებმა გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდრემა გოკა გაბაშვილმა 2003 წელს "ჩოლოქის ხიდის იქით არსებული მდგომარეობა" და "იარაღიანი ბიჭები" შეახსენა.
გაბაშვილის თქმით, ეს ადამიანები მაშინ არაფერს ამბობდნენ, ახლა კი ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
"მით უმეტეს, რომ დღეს ქვეყანაში საიმისო არაფერი ხდება, საზოგადოება სამართალდამცავ სტრუქტურებს რომ არ ენდოს. თანაც ამას ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც ფეოდალური კრიმინალური რეჟიმის პოლიტიკურ სახეს წარმოადგენენ და დღეს სამართალზე ლექციის ტონით საუბრობენ", _ განაცხადა მან.