ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ საქმის მოსმენა დაწყო, რომელიც კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებისა და სერბეთიდან მისი გამოყოფის კანონიერების საკითხის დადგენას ეხება. მსგავსი პროცესი, ანუ _ შეესაბამება თუ არა ქვეყნის ტერიტორიას გამოყოფა საერთაშორისო კანონმდებლობას _ პირველად განიხილება გაეროს უმაღლეს სასამართლოში.
მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა უკვე 63-მა ქვეყანამ აღიარა, სერბეთმა ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა და საქმე სასამართლოს გადასცა.
ამ საქმესთან დაკავშირებულ ვერდიქტს, რომელიც კანონის მიხედვით, შესასრულებლად სავალდებულო არ იქნება, სავარაუდოდ, რამდენიმე თქვეში გამოიტანენ. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებული მოსმენა დღეს დაიწყო და 11 დეკემბრამდე გასტანს.
კოსოვომ სერბეთიდან დამოუკიდებლად თავი 2008 წელს გამოაცხადა, თუმცა ეს ნაბიჯი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით სანქცირებული არ იყო, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ ხმა რუსეთმა და ჩინეთმა მისცეს. სერბეთის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი "ბი-ბი-სისთვის" მიცემულ ინტერვიუში იმედს იტოვებს, რომ ახლანდელი მოსმენები ამ საქმესთან დაკავშირებით კოსოვოს ირგვლივ მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის გამართვის საფუძველი გახდება.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი კანონიერი ნაციონალური ურთიერთობები დავიცვათ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემების შექმნას ვაპირებთ. ჩვენ პრობლემის ნაწილი კი არა ვართ, მისი გადაჭრის ნაწილი ვართ", _ აცხადებს ტადიჩი.
მისი თქმით, სერბეთი ამით კოსოვოს საკითხის მოგვარების ახალი მშვიდობიანი მიდგომის დემონსტრირებას ავლენს _ ომიდან 10 წლის შემდეგ, რომელშიც 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თუმცა აღნიშნული პრობლემის ნაწილად რჩება ის, რომ კოსოვოს აზრით, უკვე სასაუბრო არაფერია. კოსოვოს პრეზიდენტმა ფატმირ სეიდიუმ სასამართლო პროცესის დაწყებისას "Aსსოციატედ Pრესს"-სთან განაცხადა, რომ კოსოვოს აქვს "შეურყეველი" მტკიცებულებები თავის სასარგებლოდ. დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან ის ქვეყნები, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, იმ იმედით, რომ შესაძლოა ახალი საერთაშორისო პრეცედენტი გაჩნდეს.