აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიზელის ფასების შესამცირებლად ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ავტომაგისტრალებზე იაფი, დაუბეგრავი დიზელის გამოყენებაა დაშვებული.
დონალდ ტრამპმა ნებრასკას შტატში მხარდამჭერებს განუცხადა, რომ აღნიშნული ბრძანებით ისინი „წითლად შეღებილი დიზელის შეძენას დაუბეგრავად შეძლებენ“.
„ეს ბრძანება ხელს შეუწყობს ყველა სახის საქონელზე, კერძოდ საკვებ პროდუქტებზე ფასების შემცირებას“, - აღნიშნა ტრამპმა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბრძანებით დროებით ნებადართულია „შეღებილი“ დიზელის გამოყენება ავტომაგისტრალებზე, ხოლო შესაბამისი ფედერალური აქციზის გადახდა გადავადდება, რაც ამერიკელების ხარჯებს შეამცირებს.
აშშ-სა და ირანს შორის ომის გამო დიზელის ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ტრამპი კი აცხადებს, რომ საწვავის გაძვირების მიზეზი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებია.