პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ტრაქტორით გადაადგილდებოდა, პოლიციის საკონტროლო პუნქტს დაეჯახა. აფეთქებასა და შემდგომ შეიარაღებულ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 37 კი დაშავდა.
The Telegraph-ის ინფორმაციით, თავდასხმა ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის დერა ისმაილ-ხანის რაიონში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყონილობა ტრაქტორის მისაბმელში იყო დამალული.
აფეთქებამ სრულად გაანადგურა ამან-მელას საკონტროლო პუნქტი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლიც დააზიანა. უშუალოდ აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, 35 კი დაშავდა.
მოგვიანებით, ჯიჰადისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო დახმარების ავტომობილს, რომელსაც თავდასხმის ადგილიდან დაღუპულთა ცხედრები გადაჰქონდა. თავდასხმის შედეგად ერთი მაშველი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა „თალიბანმა“ აიღო.
თავდასხმა პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ დაგმო და აღნიშნა, რომ მიუღებელია ტერორისტების მიერ სამიზნედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამართალდამცველების არჩევა.
„უცხოეთიდან მხარდაჭერილი დაჯგუფებების -„ფიტნა ალ-ჰინდუსტანისა“ და „ფიტნა ალ-ხავარიჯის“ წინააღმდეგ ოპერაციები, რომლებიც საშინელ დანაშაულებს სჩადიან, უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს“, - განაცხადა მან.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოჰსინ ნაქვიმ კი აღნიშნა, რომ ტერორისტების „მხდალი ქმედებები“ ვერ შეარყევს ქვეყნის მტკიცე გადაწყვეტილებას ტერორიზმთან ბრძოლაში.
„ტერორისტების მხდალი ქმედებები ვერ შეარყევს ერის მტკიცე გადაწყვეტილებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ნაქვიმ.