დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
"დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში მოსახლეობა შიმშილობს. იქ საკვების მარაგი თითქმის აღარ დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეები იძულებულნი არიან, გადარჩენისთვის ბალახი და სარეველა ჭამონ, მაშინ როცა მედიკამენტებზე, სუფთა წყალზე, ელექტროენერგიასა და სამედიცინო დახმარებაზე წვდომა სულ უფრო რთულდება. ამ პირობებში ბავშვებიც იმყოფებიან.
ამ მძიმე მდგომარეობას კონკრეტული მიზეზი და პასუხისმგებელი მხარე ჰყავს. რუსეთმა თავისი უკანონო ოკუპაციით ოლეშკიში ეს ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია და სრულად არის პასუხისმგებელი მის შედეგებსა და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაკარგვაზე, რომლებიც ამის შედეგად დაიღუპნენ.
საერთაშორისო საზოგადოებამ ყველა არსებული მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რათა ოლეშკიში მცხოვრებ ადამიანებამდე ჰუმანიტარული დახმარება მივიდეს და უზრუნველყოფილი იყოს იმ პირების უსაფრთხო ევაკუაცია, ვისაც ტერიტორიის დატოვება სურს.
გაერო-მ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საკუთარი მანდატისა და არსებული არხების გამოყენებით დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარებისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა.
მადლობას ვუხდი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საკითხებში კომისარს, მაიკლ ო'ფლაჰერტის, ოლეშკიში არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო ყურადღების მიქცევისთვის. ახლა ამ ყურადღებას კონკრეტული მოქმედება უნდა მოჰყვეს.
იქ მცხოვრები ადამიანები შეშფოთების გამომხატველი განცხადებებით ვერ გადარჩებიან. ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო ევაკუაცია რეალობად უნდა იქცეს, რადგან იქ ყოველი დღე მნიშვნელოვანია", - წერს სიბიჰა.