უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმა დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში, ქალაქ აზოვში მდებარე ქარხანაზე დარტყმა განახორციელეს. თავდასხმა 26 სექტემბრის ღამეს მოხდა.
ზელენსკის თქმით, ეს დარტყმა რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორზე უკრაინელი სამხედროების ერთ-ერთი „შორ მანძილზე მოქმედი სანქციებია“.
„როსტოვის რეგიონში ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციები ამოქმედდა: დაზიანდა ქარხანა, რომელიც ოკუპანტებს რაკეტებისა და საარტილერიო შეიარაღებისთვის საჭირო კომპონენტებით ამარაგებს, ასევე დაზიანდა „პანცირ-С2“-ის კომპლექსი“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ აზოვში მდებარე „აზოვის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანას“ დაარტყეს. ოპერაცია სპეცოპერაციების ცენტრის „ალფას“ თანამშრომლებმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად განახორციელეს.
უწყების ცნობით, საწარმოს უკრაინული ფრთოსანი რაკეტებით „ნეპტუნი“, ასევე რეაქტიული რაკეტა-დრონებით „რუტა“, „პალიანიცა“ და „ბარსი“ დაესხნენ თავს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ადგილზე დაზიანდა სხვადასხვა საამქროები.
მანამდე OSINT-პროექტმა „Exilenova+“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა და, სავარაუდოდ, დარტყმის სამიზნე სწორედ „აზოვის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა“ გახდა, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობს.
NASA-ს FIRMS-ის სისტემამ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარიც დააფიქსირა. „Exilenova+“-მა ასევე გამოაქვეყნა ქარხანაზე თავდასხმის ამსახველი კადრები.