22 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის დელეგაცია ჩავა, რომელსაც საბაჟო სამსახურის უფროსი ანდრეი ბელიანინოვი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"სოხუმში იგეგმება შეხვედრა საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლებთან, რომელზედაც უნდა განიხილონ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების რეალიზაციის საკითხები, რომლებიც საბაჟო სფეროში თანამშრომლობას ეხება. საუბარი იქნება საზღვარზე არსებულ სიტუაციასა და მდინარე ფსოუზე ახალი ხიდის აგებაზედაც", _ იუწყება აფხაზური მედია.