23 სექტემბერს კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„დედაქალაქზე მტრის თავდასხმას უკვე ორი მსხვერპლი ჰყავს. ერთი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი ადგილზე დაიღუპა“, - წერს კლიჩკო.
მისი ინფორმაციით, დაშავებულთაგან 17 საავადმყოფოებში რჩება.
კიევის სოლომენსკის რაიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მაღაზიის შენობას დაეცა. ასევე, კლიჩკოს ინფორმაციით, დრონი ცხრასართულიან არასაცხოვრებელ შენობას შეეჯახა.
გოლოსეევსკის რაიონში დრონის ჩამოვარდნა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტის ტერიტორიაზე და არასაცხოვრებელი შენობის სახურავზე დაფიქსირდა.