აფხაზი და ოსი სეპარატისტები რუსეთის ფედერაციასთან ერთად "წითელი არმიის დღეს" დღეს აღნიშნავენ და მას "სამშობლოს დამცველის დღეს" უწოდებენ. სოხუმშიც და ცხინვალშიც ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებია დანიშნული.
"23 თებერვალს ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი რუსეთი ავღნიშნავთ ამ ჭეშმარიტად ისტორიულ დღეს. ნებისმიერ ქვეყანაში არმია სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია", _ განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ მილოცვისას.
ეს დღე თავის ე.წ. მოქალაქეებსა და რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციას უკვე მიულოცეს ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა და მისი ე.წ. მთავრობის წევრებმა.
"23 თებერვალი სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი უმთავრესი ზეიმია. ამ დღეს მთავრობაც და ხალხიც პატივს მიაგებს ყველა იმ მებრძოლს რომელმაც სამშობლოს დაცვას შესწირა თავი.
მათ ვინც სამხრეთ ოსეთში აგვისტოს დღეებში იმყოფებოდა, დღემდე ვერ დაუვიწყებინათ ის სამხედრო მოქმედებები, როგორც საშინელი სიზმარი, თუმცა დრო გადის და მეხსიერებაში მხოლოდ ის ხალხი რჩება რომლებმაც სამშობლოს დაცვას შესწირეს თავი", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა საზეიმო მილოცვისას.