უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი თანამშრომლობის ფორმატის - „კარპატული რვიანის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც უკრაინას, ევროპის შვიდ ქვეყანასა და ევროკავშირს გააერთიანებს.
ზელენსკის თქმით, 18 სექტემბერს უკრაინის კარპატებში პირველი სამიტი იმართება, რომელიც ყველა კარპატულ სახელმწიფოს აერთიანებს.
„ვიწყებთ ახალ ფორმატს - C8-ს, „კარპატულ რვიანს“, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ და ჩვენს ევროპელ მეზობლებს: რუმინეთს, სერბეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს და, რა თქმა უნდა, მთლიანად ევროკავშირს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობის ამ ფორმატმა აღნიშნული ქვეყნები კიდევ უფრო უნდა დააახლოვოს და ევროკავშირის დონეზე თანამშრომლობის კიდევ ერთი მექანიზმი შექმნას, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს, ენერგეტიკას, ლოგისტიკასა და საზღვრისპირა ეკონომიკურ თანამშრომლობას მოიცავს.