ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხზე მუშაობს.
ამის შესახებ კალასმა 16 სექტემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ევროკავშირის მხრიდან ყველაზე აშკარა და გადაუდებელი გადაწყვეტილება იქნება ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში ხელმისაწვდომი დაფინანსების გამოყენება. ჩვენ შეგვიძლია დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოვყოთ სამხედრო დახმარებისთვის. ამ თანხის გამოყოფის საკითხზე წევრ სახელმწიფოებთან ვმუშაობ“, - განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას უკვე 78 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიეს, ხოლო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინისთვის ევროპის საერთო მხარდაჭერამ 220 მილიარდ ევროს მიაღწია.
კალასმა ასევე ახსენა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი, რომლის გამოყოფაც ორი წლის განმავლობაში იგეგმება. აქედან 60 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარებისთვისაა გათვალისწინებული. ამ თანხიდან უკრაინამ ამ დროისთვის 8.35 მილიარდი ევრო მიიღო, მათ შორის „პეტრიოტის“ სისტემებისთვის რაკეტების შესაძენად.