უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის გამშვები დანადგარი დააზიანეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმები 16 სექტემბერს და 17 სექტემბრის ღამეს რუსეთის აგრესიისთვის მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა.
„რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქის, ვიგონიჩის რაიონში, დაზიანდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის ორი გამშვები დანადგარი“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინული მხარის ცნობით, ამ დანადგარებიდან რუსული ძალები, სავარაუდოდ, კიევზე სარაკეტო იერიშებისთვის იყენებდნენ.
გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმები ასევე განხორციელდა დონეცკის რაიონში რუსული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ადგილზე, ასევე კურახოვკასა და ნოვაია მარიევკაში, ლუჰანსკში, სტრელკოვოესა და დრუჟნოეში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.