გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს [გახდეს ამერიკა უფრო დიადი] მოძრაობასთან ისეთი კავშირები არ უნდა დაამყარონ, რომლებიც ევროკავშირის გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება.
კოსმა ეს განცხადება ბრიუსელში, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნების მხრიდან ისეთი დამოკიდებულებების ჩამოყალიბების რისკი არ უნდა დაუშვას, რომლებიც მომავალში მათ ევროკავშირის ინტერესებთან შეუთავსებელ ძალებზე დამოკიდებულს გახდის.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მომავალი წევრები სხვა ძალებზე ისეთ დამოკიდებულებებს ქმნიდნენ, რომლებიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კოსმა.
კითხვაზე, ვის გულისხმობდა „მოწინააღმდეგეებში“, კოსმა პირველ რიგში რუსეთი დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დასავლეთიდანაც განიცდის ზეწოლას - კერძოდ, MAGA-ს იდეოლოგებისგან, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ ევროპელებს დააჯერონ, რომ ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და ევროპას დემოკრატიის ის მოდელი არ აქვს, რომელიც მას უნდა ჰქონდეს.
კოსის განცხადება განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით გაკეთდა, სადაც, გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებს. მათ შორის, აშშ-ის ინვესტიციები რეგიონში იზრდება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ტრამპთან დაკავშირებული ბიზნესინტერესებიც აქტიურდება.
კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მიდგომა განსხვავებულია: მისი შეფასებით, პეკინი კანდიდატ ქვეყნებში ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს და მომავალში ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე ევროკავშირი ჩინეთის მხრიდან რუსეთის მსგავს დეზინფორმაციულ კამპანიებს ვერ ხედავს.