ალიანსი არ მოითმენს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ალიანსის ქვეყნებს, რომლებიც მსგავს ინციდენტებს აწყდებიან.
უიტაკერის თქმით, გასულ თვეში გერმანიაში, ლაიფციგოს აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობა, რომლის უკანაც ბერლინმა რუსეთი დაასახელა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ნატო-ს წევრ ქვეყნებში ბოლო პერიოდში მომხდარ სხვა ინციდენტებთან შედარებით.
„ლაიფციგში მომხდარის მსგავს და პოლონეთშიც გამოვლენილ შემთხვევებს უფრო შემაშფოთებელ ჰიბრიდულ ქმედებებს ვუწოდებ“, - განაცხადა უიტაკერმა იტალიაში გამართული ბიზნესკონფერენციის ფარგლებში.
მისი თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მსგავსი საფრთხეების წინაშე მზად უნდა იყვნენ, ყურადღებით აკვირდებოდნენ ვითარებას და მკაფიო გზავნილი გააჟღერონ, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია.
უიტაკერმა ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე შეიძლება გახდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები, რის გამოც ქვეყნებმა მათზე ზედამხედველობა უნდა გააძლიერონ.
მისი თქმით, მსგავს ინციდენტებზე რეაგირება, პირველ რიგში, კონკრეტული ქვეყნების პასუხისმგებლობაა, თუმცა შეერთებული შტატები მოკავშირეებს ასეთ შემთხვევებთან გამკლავებაში მხარს დაუჭერს.
ცნობისთვის, პირველ სექტემბერს გერმანიამ ოფიციალურად დააკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვს 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი სამი დრონი აღმოაჩინეს. გერმანიამ საპასუხო დიპლომატიური ზომები გამოაცხადა. რუსეთი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.