ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, შეიქმნება მაღალი დონის ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ახალ მიდგომებზე იმუშავებს.
ჯგუფში შევლენ ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები. მისი მუშაობა, კალასის თქმით, მომავალი კვირიდან დაიწყება.
კალასის განცხადებით, ჯგუფის მთავარი ამოცანა იქნება „ახლებურად შეხედოს, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა მის წინაშე არსებულ და სულ უფრო რეალურ სამხედრო საფრთხეებს“.
ჯგუფი ასევე იმუშავებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ევროკავშირს აშშ-ის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე აქვს, რათა ევროპელებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.
კალასმა განმარტა, რომ ჯგუფში ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა, რადგან მათ „შეუძლიათ თქვან ის, რისი თქმაც ჩვენ, როგორც ინსტიტუტებს, არ შეგვიძლია“.
„ჩვენ არ გვჭირდება აშშ-ის შესაძლებლობების დუბლირება, რადგან ჩვენი მთავარი ყურადღება ევროპის ტერიტორიის თავდაცვაზე უნდა იყოს მიმართული. თუმცა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალური ძლიერი მხარეები, რომელთაგან ევროპას ბევრი აქვს, მათ შორის, ევროპაში არსებული ინოვაციური თავდაცვის ინდუსტრია, ასევე განსახილველ საკითხებში უკრაინის მდიდარი საბრძოლო და ინოვაციური გამოცდილება უნდა ჩავრთოთ.
ამიტომ ამ ჯგუფს ვთხოვ, განსხვავებულად იფიქროს და ტრადიციულ მიდგომებს გასცდეს. არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმით, რომ იგივე გავაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით. ამოცანაა განვსაზღვროთ, რისი გაკეთებაა ევროპისთვის საჭირო სხვაგვარად, რათა საკუთარი თავის უფრო ეფექტიანად, სწრაფად და გონივრულად დაცვა შეძლოს“, - თქვა კალასმა.