რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მოსკოვს ურჩევს, "ქართველთა სიყვარულის" დასამტკიცებლად საქართველოში რუსი ექსპერტების გამოგზავნის ნაცვლად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს.
"ბოლო დროს საინტერესო ტენდენცია შეინიშნება - რუსეთი ცდილობს დიპლომატებისა და ექსპერტების დონეზე თქვას, რომ მიუხედავად დაბომბვისა და ტერიტორიების წართმევისა, ქართველი ხალხი უყვარს. თუ ეს მართლა ასეა, სჯობს სხვაგვარად, არა ექსპერტების გამოგზავნით, არამედ საოკუპაციო ჯარების გაყვანით დაამტკიცოს", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს რუსი ექსპერტების თბილისში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გზის გაგრძელების უფლება არ მისცა, ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის კვლევათა ცენტრის ექსპერტ ნიკოლაი სილაევსა და რუსეთის ფედერაციის არქივის დირექტორს, სერგეი მირონენკოს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. ამის შემდეგ, ჯგუფის კიდევ სამმა წევრმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ბარანოვსკიმ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციისა და საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ალექსანდრე მილერმა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველმა, არტიომ მალგინმა საქართველოში შემოსვლაზე უარი თქვეს. ისინი ერევნის გავლით მოსკოვში გაბრუნდნენ.
რუს ექსპერტთა ჯგუფს 1-3 დეკემბერს თბილისში შეხვედრები უნდა გაემართა "რუსეთის კვლევების ცენტრსა" და "ექსპერტთა კლუბში".