ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში გაემგზავრებიან, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის დადგომამდე ამერიკული მარაგებიდან Patriot-ის რაკეტა-ჩამჭრელებისნაწილის გადაცემის ნებართვა სთხოვონ.
ამის შესახებ ბერნემმა Bloomberg-თან განაცხადა.
„მოუთმენლად ველი სექტემბერში ნიუ-იორკში გამგზავრებას“, - თქვა მან.
Bloomberg-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა სექტემბერში ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობას. ეს ბერნემის პირველი ვიზიტი იქნება აშშ-ში პრემიერ-მინისტრის რანგში.
„ჯერ დეტალები ბოლომდე შეთანხმებული არ მაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, წავალ, განსაკუთრებით კი დღევანდელი განხილვის შემდეგ [ორშაბათს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ] … ახლა სრულიად მკაფიოდ მესმის, რა უნდა გავაკეთო მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში“,- განაცხადა ბერნემმა.
კიევში ვიზიტის დროს ბერნემი გაუძღვა უკრაინის მოკავშირეების შეხვედრას და ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ბერნემმა აღნიშნა, რომ კიევი „ნამდვილი ოპტიმიზმის“ განცდით დატოვა და მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის რუსული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმებისგან თავდაცვის არსებული სირთულეების, რაც რაკეტა-ჩამჭრელების არასაკმარისი მარაგითაა გამოწვეული, „გადაჭრა შესაძლებელია“.
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები განიხილავენ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში „მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინისთვის ამერიკული რაკეტა-ჩამჭრელების, ასევე სხვა ქვეყნების მარაგებიდან რაკეტების მიწოდება.
„როგორც ჩანს, მოვლენების განვითარების ყველაზე სავარაუდო მიმართულება სწორედ ეს არის. ჯერჯერობით ეს დადასტურებული არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, უმრავლესობის ფიქრი სწორედ აქეთ არის მიმართული“, -აღნიშნა ბერნემმა.