აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა 17 ტონა მწვანილი " დააპატიმრეს". ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მწვანილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მხრიდან შექონდათ.
"ორ სატვირთო ავტომობილში კონტრაბანდისტებს 17 ტონა მწვანილის გადატანა სურდათ. საზღვარზე ტვირთი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და აღმოჩნდა, რომ ტვირთს შესაბამისი საბუთები არ ჰქონდა", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, მანამ ვიდრე სპეცსამსახურები მძღოლებს კითხავდნენ და კონტრაბანდულ ოხრახუშს აფორმებდნენ, ტვირთი გაფუჭდა და საზღვარზე სურნელოვანი მწვანილის ნაცვლად დამპალი მწვანილის მთა დარჩა.
მიუხედავად ამისა, ტვირთი მაინც გადაიტანეს სოხუმში და ადგილობრივ ნაგავსაყრელზე მიიტანეს, თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა. დილით გადაწყვიტეს მწვანილი დაემარხათ - ბულდოზერმა მიწა ამოთხარა და მწვანილის ტომრები მიწაში დაფლა.