ლა-მანშის სრუტის გადაკვეთისას, ბორტზე თითქმის 160 მიგრანტით სავსე ნავს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ Sky News იუწყება.
საფრანგეთის საზღვაო სამსახურის ინფორმაციით, ნავიდან 157 ადამიანი გადაარჩინეს. მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, იმავე ნავიდან კიდევ ხუთი ადამიანი იყო ევაკუირებული.
საფრანგეთის საზღვაო პრეფექტურის ცნობით, რომელიც ლა-მანშსა და ჩრდილოეთის ზღვაზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს კოორდინირებს, სამშაბათს დილით ნავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მისი მდგომარეობა „ძალიან სწრაფად“ გაუარესდა. შემთხვევა საფრანგეთის სამძებრო-სამაშველო ზონაში მოხდა.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის სანაპირო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ვერტმფრენი, ასევე ბრიტანეთის სასაზღვრო სამსახურისა და სამაშველო გემები.
ყველა გადარჩენილი დღის მეორე ნახევარში საფრანგეთის ქალაქ ბულონ-სიურ-მერში უნდა გადაიყვანონ.