პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ჩრდილოეთ კავკასიიდან სოხუმის მიმართულებით ახალი გზის სამშენებლო პროცესის დაწყების საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას მოსკოვის ამ გეგმასთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ განცხადება დავითაიამ დღეს სესიაზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ დაგეგმილია ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთთან სოხუმს დააკავშირებს.
როგორც იგი აღნიშნავს, სწორედ ამ პროექტის გასაფორმებლად ხვალ აფხაზეთში რუსეთის ვიცე-პრემიერი და ტრანსპორტის მინისტრი ჩადიან.
დავითაი მიიჩნევს, რომ ეს არის ახალი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილება და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს.
`ამ გზის გაყვანა ძალიან დიდი საფხეებთან არის დაკავშირებული. მისი საშუალებით რუსეთის შავი ზღვის მიმართულებით სამხედრო შეიარაღების გატანის შესაძლებლობა ეძლევა. ამასთან, ეს იქნება გზა ნარკოტრეფისკისათვის და სხვა იმ უკანონო ქმედებებისთვის, რომლის განხორციელებაც რუსეთს სრულიად დაფარულად სურს და ამის საშუალება მას ლესელიძის გზით ნაკლებად შეუძლია,~ - განაცხადა დავითაიამ.
დავითაიას თხოვნას პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა და პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დაავალა, რომ სათანადო მიმართვა დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.