რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 4 აგვისტოს, დრონებით სავარაუდო თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ რუსული Telegram-არხი Astra, უკრაინული Telegram-არხი Exilenova+ იუწყებიან.
Exilenova+-მა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და საწარმოს თავზე ამომავალი შავი კვამლის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
თავდაპირველად ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა მოგვიანებით, სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადა, რომ სამარის ოლქში უპილოტო საფრთხის რეჟიმი გაუქმდა. თავდასხმის შედეგებზე ოფიციალური დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
მოგვიანებით Astra-მ გავრცელებული კადრები გააანალიზა და დაადასტურა, რომ ცეცხლი სწორედ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკიდია.
არხის ინფორმაციით, ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად გაჩნდა.