აშშ-მა რუსეთის სამხედრო სტრუქტურების წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო. შემზღუდავი ზომები დაწესდა ირანის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის (INKSNA) შეუსრულებლობის გამო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, სანქციები 24 ივლისიდან ამოქმედდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზომები ეხება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, არღვევენ INKSNA-ს მოთხოვნებს და დაკავშირებული არიან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების რისკებთან.
სანქციათა სიაში შეყვანილია რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურა და ქვედანაყოფი.
სანქციები, მათ შორის, შეეხო:
რუსეთის სახმელეთო ჯარებს;
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს;
თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული უწყებათაშორისი კვლევებისა და სპეციალური პროექტების სამმართველოს;
1061-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრს.
სანქციები ასევე დაწესდა კომპანიების - „გიდეონ ალფას“ და შპს „ინტერნეიშენალ ინვესტ კომპანის“ წინააღმდეგ.
შემზღუდავი ზომები გავრცელდა აღნიშნული სტრუქტურების ყველა სამართალმემკვიდრეზე, ქვედანაყოფსა და შვილობილ კომპანიაზეც.
სანქცირებულ ფიზიკურ პირთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები:
ანდრეი გუსევი, ანდრეი კოსოლაპოვი, ვლადისლავ მოროზიკი, ალექსანდრ პრიხოდკო და სერგეი ციბარევი, ასევე მალაიზიის, ჩრდილოეთ კორეის, ტაივანის, სირიისა და ირანის მოქალაქეები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, აშშ-ის ფედერალურ უწყებებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ სანქციების სიაში შეყვანილი პირებისა და ორგანიზაციებისგან ნებისმიერი საქონლის, ტექნოლოგიის ან მომსახურების შეძენა, ასევე მათთან შესაბამისი კონტრაქტების გაფორმება.
გარდა ამისა, აკრძალულია მათთვის რაიმე სახის მხარდაჭერის გაწევა, სამხედრო დანიშნულების პროდუქციის გაყიდვა და შესაბამისი ლიცენზიების გაცემა.
ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონი (INKSNA) ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, თუ ისინი ირანს, სირიას ან ჩრდილოეთ კორეას გადასცემენ, ან მათგან იღებენ ისეთ საქონელს, მომსახურებასა თუ ტექნოლოგიებს, რომლებიც ექვემდებარება იარაღის კონტროლის სფეროში მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებებს.
კანონი ასევე ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც აღნიშნულმა საქონელმა, მომსახურებამ ან ტექნოლოგიებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მასობრივი განადგურების იარაღის, ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტების შემუშავებაში.