აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპისთვის მთავარ საფრთხედ არალეგალური მიგრაცია და ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარება რჩება. მისი თქმით, სწორედ ეს ორი ფაქტორი ახდენს ყველაზე დამანგრეველ გავლენას ევროპულ ქვეყნებზე.
„ორი რამ კლავს ევროპას,“ - განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის პირველ ადგილზე არალეგალური მიგრაცია დგას, ხოლო მეორე უმთავრეს საფრთხედ ენერგეტიკული პოლიტიკა დაასახელა. მან ასევე ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდა, მიიღონ ზომები არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.
ტრამპის თქმით, ევროპა დიდი რაოდენობით მიგრანტს იღებს, თუმცა, მისი შეფასებით, მათგან ბევრი ვერ შეძლებს მასპინძელი ქვეყნების განვითარებაში დადებითი წვლილის შეტანას.
„ევროპაში არალეგალური მიგრაცია უნდა შეჩერდეს. ევროპას უკეთ ვიცნობ, ვიდრე ვინმე სხვა, მათი ჩათვლით, ვინც მას მართავს. ორი რამ კლავს ევროპას: პირველი მიგრაცია, მეორე ენერგეტიკა. დიდ ბრიტანეთს რომ შეხედავთ, მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ენერგომარაგი გააჩნია – ჩრდილოეთის ზღვა. თუ ამ რესურსს აითვისებენ, მდიდარი ქვეყანა გახდებიან. თუ დახურული დარჩება, გაკოტრებული დარჩებიან, რაც, არსებითად, ახლაც არიან“, – განაცხადა ტრამპმა.
ესპანეთის ხელისუფლების შეფასებით, ივლისის ბოლო დღეებში სეუტაში უკანონოდ ათიათასობით მიგრანტი შევიდა. 31 ივლისს მადრიდმა განაცხადა, რომ მათი უმეტესობა უკვე მაროკოში დააბრუნეს.
სეუტაში შექმნილი ვითარების გამო ევროკავშირის 22-მა წევრმა ქვეყანამ ბლოკის ხელმძღვანელობას მოუწოდა, დაუყოვნებლივი და კოორდინირებული ევროპული რეაგირება უზრუნველყოს.
კრიზისის ფონზე ირლანდიამ სამშაბათს, 4 აგვისტოს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.