აშშ-ის საელჩოს შესაბამის პასუხს, ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს, რადგან ჩვენი კანონმდებლობა ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და მსგავსი კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოში კი არა, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს. კითხვა თუ აქვთ, დარწმუნებული ვარ, საგარეო უწყება უპასუხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
თენგიზ შარმანაშვილს დაუსვეს კითხვა „რადიო თავისუფლების“ მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო.
„აშშ-ის საელჩომ კონკრეტულად უნდა თქვას, რატომ არის შეშფოთებული. მაგალითად, გერმანიის სასამართლო პრაქტიკა სხვანაირად იქცევა? როდესაც მერცის მიმართ გამოყენებული გამონათქვამების გამო ადამიანი დააჯარიმეს, პირდაპირი გინებაც არ ყოფილა, გერმანულმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. მაშინ უნდა ითქვას, ეს სასამართლო პრაქტიკა სად არის სწორი. განმარტება იმისა, რომ ევროპელებს შეუძლიათ ამის გაკეთება, ხოლო საქართველოს – არა, მიუღებელი და არასწორია. თუ განმარტავენ, რომ ბრიტანული თუ გერმანული სასამართლოების პრაქტიკა არასწორია, მაშინ ჩვენც გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს, მაგრამ თუ იტყვიან, რომ მათ შეუძლიათ და ქართველებს – არა, ეს დისკრიმინაცია, სეგრეგაცია და არასწორი მიდგომაა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.