ლატვიამ უკრაინის ქალაქ სლოვიანსკზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომლის შედეგადაც ქვეყნის საპატიო საკონსულო დაზიანდა, რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.
ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის დროს საპატიო საკონსულოს ორი თანამშრომელი დაშავდა. საპატიო კონსული ალექსანდრ პავენკო არ დაშავებულა.
უწყებამ ასევე რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გადასცა, რომელშიც სლოვიანსკზე თავდასხმასა და ლატვიის საპატიო საკონსულოს დაზიანებას მკაცრად გმობს.
„დღეს ლატვიამ რუსეთის ფედერაციის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა, რომელშიც მკაცრად დაგმო რუსეთის სასტიკი თავდასხმა ქალაქ სლოვიანსკზე და ლატვიის საპატიო საკონსულოს დაზიანება“, - ნათქვამია განცხადებაში.