უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთის ქალაქ კიროვში მდებარე საწარმოს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობს, ასევე ნავთობის ობიექტს, რომელიც უკრაინის საზღვრიდან თითქმის 1350 კილომეტრში მდებარეობს.
„ჩვენმა თავდაცვის ძალებმა დღეს დარტყმა მიაყენეს რუსეთის ქალაქ კიროვში მდებარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო საწარმოს. ის ოკუპანტების ავიაციისა და სარაკეტო ტექნიკისთვის კომპონენტებს აწარმოებს, რომლებიც, მათ შორის, ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ მასშტაბური იერიშების დროს გამოიყენება. მადლობა ჩვენს სამხედროებს სიზუსტისთვის! ჩვენი პასუხი სრულიად სამართლიანია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე დაარტყეს ნავთობის ობიექტს, რომელიც უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან თითქმის 1350 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ გრძელდება ოპერაცია, რომლის მიზანიც რუსეთის ლოგისტიკური ქსელის დაზიანებაა , რომელიც რუსეთის არმიას დრონების კომპონენტებით, სანავიგაციო აღჭურვილობითა და სხვა სამხედრო ინვენტარით ამარაგებს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იმ დანაყოფებს, რომლებიც ამ ოპერაციებში მონაწილეობენ.
მანამდე: უკრაინული თავდაცვითი კომპანია Fire Point-ის თანადამფუძნებელმა დენის შტილერმანმა განაცხადა, რომ რუსეთის ქალაქ კიროვში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმო „ავიტეკი“ უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტა FP-5 „ფლამინგომ“ დააზიანა.