მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ კიროვში, უკრაინის საზღვრიდან 1000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებით, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ საზენიტო რაკეტების მწარმოებელ საწარმოში ხანძარი გაჩნდა.
როგორც Astra წერს, 24 ივლისს დილით კიროვის მცხოვრებლები აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ვიატკის მანქანათმშენებელი საწარმო „ავიტეკი“.
საწარმო აწარმოებს სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო პროდუქციას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, ასევე საავიაციო კომპონენტებს. ამასთან, ქარხანას აქვს სრული საწარმოო ციკლი - ჩამოსხმიდან და სამჭედლო-წნეხვითი წარმოებიდან დაწყებული, პროდუქციის საბოლოო აწყობითა და გამოცდით დასრულებული.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ქარხანა სპეციალიზებულია „მიწა-ჰაერი“ კლასის საზენიტო მართვადი რაკეტების, სამიზნე რაკეტების, პილოტების გადასარჩენად განკუთვნილი კატაპულტირებადი სავარძლების, საავიაციო ტვირთამწე სისტემებისა და სხვა პროდუქციის წარმოებაზე.
საწარმო ასევე ჩართულია „ტორ“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების წარმოებაში.
ქარხანა აშშ-ის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ იმყოფება.
მოგვიანებით კომპანია Fire Point-მა ქარხანაზე დარტყმა ოფიციალურად დაადასტურა.
„კიროვში FP-5 „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტამ დააზიანა მანქანათმშენებელი საწარმო „ავიტეკი“, რომელიც „ალმაზ-ანტეის“ კონცერნის შემადგენლობაში შედის. „ავიტეკი“ მონაწილეობს „ტორ“-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, ასევე Х-101 და Х-59М2/Х-59М2А ფრთოსანი რაკეტების წარმოებაში, მათ შორის - მათი ძრავებისთვის კომპონენტების მიწოდებით. გარდა ამისა, ქარხანა აწარმოებს, არემონტებს და მოდერნიზაციას უკეთებს К-36ДМ-ის კატაპულტირებად სავარძლებს Су-34 და Су-57 ტიპის გამანადგურებლებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.