უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობაში გარდამტეხი მომენტი 2025 წლის აპრილში, რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში გამართული მოკლე პირისპირ შეხვედრა გახდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკელ ბლოგერ ლორა ლუმერთან ინტერვიუში განაცხადა , რომლის ნაწყვეტიც ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
ზელენსკის შეახსენეს 2025 წელს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი მწვავე კონფლიქტი, როდესაც ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ტრამპის დიპლომატიას ომის მოგვარების შანსი უნდა მისცემოდა, ხოლო ზელენსკიმ უპასუხა, რომ რუსეთთან დიპლომატიურმა მცდელობებმა 2014 წლიდან შედეგი ვერ გამოიღო.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა, რა შეიცვალა, რადგან ახლა ორი პრეზიდენტის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ჩანს.
„ეს ასეა.. ჩვენთან პირველი გარდამტეხი მომენტი რომში, ვატიკანში მოხდა. ეს ხანმოკლე შეხვედრა იყო, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ, ჩემი აზრით, ეს ისტორიული მომენტი იყო, რადგან 15-20 წუთში ჩვენი ურთიერთობები შევცვალეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრის დროს მათ გარდა იქ არავინ იმყოფებოდა.
მან აღნიშნა, რომ ამ საუბრის დეტალებს არ გაამხელს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ლიდერებს შორის ნდობაზე დაფუძნებულ დიალოგს აქვს დიდი მნიშვნელობა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ასეთი ურთიერთობები და ასეთი დიალოგი ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეზე ახდენს გავლენას“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.