პოლონეთმა აშშ-ს შესთავაზა, უკრაინასთან ერთად Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების ერთობლივი წარმოება პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსდეს. ამის შესახებ ვაშინგტონში ვიზიტისას პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა, იტყობინება PAP.
„ჩვენ შევთავაზეთ სამმხრივი თანამშრომლობა აშშ-ს, უკრაინასა და პოლონეთს შორის, რადგან საუბარია ამ წარმოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რათა ის უსაფრთხო ადგილას განხორციელდეს. ეს არის პროდუქტი, რომელიც, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოშია მოთხოვნადი. სწორედ ამიტომ გამოვდივართ ერთობლივ წარმოებაში მონაწილეობის ინიციატივით“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები აშშ-ს, უკრაინასა და პოლონეთს შორის გაგრძელდება.
სობკოვიაკ-ჩარნეცკას თქმით, მან ამერიკულ მხარეს ასევე წარუდგინა არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ Patriot-ის სისტემების სერვისცენტრი პოლონეთში გაიხსნას.
„ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ ჩვენი ბოლო მიღწევები თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში, ასევე პოლონეთის გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა, ხელს შეუწყობს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა მან.