24 ივლისის ღამეს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგსა, ლენინგრადის ოლქზე და ტვერზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. შეტევის შედეგად, გავრცელებული ცნობებით, Wildberries-ის საწყობებს ხანძარი გაუჩნდა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ოლქის თავზე, სავარაუდოდ, 50 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ლენინგრადის ოლქში დრონებმა რამდენიმე ობიექტს მიაღწიეს.
„ქალაქისა და ოლქის მცხოვრებლები აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. სანქტ-პეტერბურგის თავზე კვამლი ჩანს“, - წერს ერთ-ერთი რუსული ტელეგრამ-არხი.
მონიტორინგის არხებმა გაავრცელეს ვიდეოები, რომლებზეც სანქტ-პეტერბურგის თავზე აფეთქებები და კვამლი ჩანს.
BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევა განხორციელდა სანქტ-პეტერბურგსა და ტვერზე.
გამოცემის ცნობით, 24 ივლისის ღამეს სანქტ-პეტერბურგი და ტვერი მასშტაბური დრონული შეტევის სამიზნე გახდნენ. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, Wildberries-ის ერთ-ერთ საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში დილით თავდასხმის სამიზნე Wildberries-ის ორი საწყობი გახდა.
დილით სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტმა განაცხადა, რომ დაახლოებით 50 რეისი შეფერხდა, ხოლო 15 თვითმფრინავი სათადარიგო აეროდრომებიდან გაფრენის ნებართვას ელოდება.