ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტის დეტალებზე ისაუბრა. პაკეტი 23 ივლისს ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს.
კალასის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ შეთანხმებული ახალი სანქციები რუსეთის ფინანსურ სისტემას, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და ენერგეტიკულ სექტორს შეეხება, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსების მთავარი წყაროა.
„პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დავარტყამთ - გავწყვეტთ იმ ფინანსურ ჯაჭვებს, რომლებსაც ის ომის გასაგრძელებლად ეყრდნობა. და ეს სანქციების დასასრული არ არის. ჩვენ უკვე ვმუშაობთ მომდევნო პაკეტზე. ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის ნებისმიერი შემდგომი ესკალაციისთვის საპასუხოდ,“ - განაცხადა კალასმა.
მისი ინფორმაციით, სანქცირებულთა სიას კიდევ 218 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატება.
„შეზღუდვები შეეხება 100-ზე მეტ ბანკსა და კრიპტოვალუტის ოპერატორს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40-ზე მეტ გემსა და რუსეთსა და ბელარუსში მოქმედ რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ასევე ვპასუხობთ რუსეთის განგრძობით თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე. სანქციები დაუწესდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 50-ზე მეტ კომპანიას და იმ ძირითად სუბიექტებს, რომლებიც რუსეთის შორი მოქმედების დრონების წარმოებაში მონაწილეობენ,“ - აღნიშნა მან.