აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოსასვლელად „ახალი იდეებია“ საჭირო.
ამის შესახებ The Guardian იუწყება.
რუბიოს თქმით, ომის შეწყვეტაზე შეთანხმების მისაღწევად უნდა გამოიტანონ „ახალი იდეები“, რადგან აქამდე წამოყენებული წინადადებები „იმ დროს უკრაინისთვის მიუღებელი იყო“.
„არ ვფიქრობ, რომ ისინი ახლა მისთვის მისაღები იქნებოდა. უფრო მეტიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებად მისაღები იქნებოდა,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი შეფასებით, თუ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი გახდება, „ეს ახალი იდეებისა და ახალი კონცეფციების წყალობით მოხდება“.
„ჩვენ მზად ვართ, შესაბამის კონტექსტსა და ფორმატში გარკვეული ახალი იდეები შევთავაზოთ, თუ ამის შესაძლებლობა და ხელსაყრელი პირობები შეიქმნება. მზად ვართ, ამ პროცესში კონსტრუქციული როლი შევასრულოთ,“ - დასძინა რუბიომ.
ამავე დღეს რუბიომ განაცხადა, რომ ფილიპინებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობა განიხილა.